აფიშა

14 დეკემბერს Spacehall-ში ჯგუფი The Radio Dept. დაუკრავს

9 დეკემბერი, 2016 • 3280
14 დეკემბერს Spacehall-ში ჯგუფი The Radio Dept. დაუკრავს

14 დეკემბერს, 20:00 საათზე, ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი MUZAME და მულტიფუნქციური კულტურული სივრცე SPACEHALL მსმენელს შვედური პროექტის, The Radio Dept.-ის მოსმენის შესაძლებლობას მისცემს.

გთავაზობთ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჯგუფის შესახებ:

The Radio Dept. შვედური კოლაბორაციაა. ის 1995 წელს იოჰან დანკანსონმა და ელინ ალმერიდმა ჩამოაყალიბეს. ჯგუფი მალევე დაიშალა და მოგვიანებით დანკანსონს მარტინ ლარსონი შეუერთდა. მათ პირველ ალბომს Lesser Matters (2003 წელი) ცნობილმა ბირტანულმა გამოცემამ, NME-მ 10-იდან 10 ქულა დაუწერა. სწორედ სადებიუტო დისკის გამოსვლის შემდეგ დაიწყო კოლექტივის წინსვლა.

საერთო ჯამში, ჯგუფს 4 სიდი აქვს ჩაწერილი. ამ დროისთვის ბოლო, Running Out Of Love 2016 წლის ოქტომბერში 6-წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვეს. დისკი პოლიტიკური და სოციალური თემებითაა შთაგონებული და თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში გავრცელებულ ფაშიზმს, სოციალურ უთანასწორობას ამხელს და აპროტესტებს.

დისკის პირველი სიმღერის სახელწოდებაა „Sloboda Narodu“ (ითარგმნება, როგორც „თავისუფლება ხალხს“), იუგოსლავიის წინააღმდეგობის მოძრაობის სლოგანი.

ჯგუფი ინდი როკ, ინდი და ალტერნატიული პოპის ჟანრში მოღვაწეობს. მათ ანგარიშზე 4 სტუდიური ალბომი და ერთი კომპილაციაა. კოლექტივის ნამუშევრები (“Pulling Our Weight” და “I Don’t Like It Like This”) ფილმ „მარია ანტუანეტას“ საუნდტრეკად გამოიყენა სოფია კოპოლამ.

The Radio Dept. DIY (“გააკეთე შენით”) ფილოსოფიის მიმდევარია. ისინი უარს აცხადებენ დიდ ლეიბლებთან თანამშრომლობაზე, მუსიკის კომერციალიზაციაზე და 20 წლის განმავლობაში ლეიბლ „Labrador“-თან თანამშრომლობენ, რომელთან კონტრაქტის დასრულებასაც სულმოუთქმელად ელიან, რათა თავიანთი შემოქმედება სურვილისამებრ მართონ, ყოველგვარი შეზღუდვისა და კონტროლის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი