აფიშა

თბილისის საკონცერტო დარბაზი 4 ივნისს ჯეი-ჯეი იოჰანსონს უმასპინძლებს

11 მაისი, 2016 • 1868
თბილისის საკონცერტო დარბაზი 4 ივნისს ჯეი-ჯეი იოჰანსონს უმასპინძლებს

4 ივნისს პროექტ “მუზამეს” ფარგლებში თბილისს ტრიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული პოპის შემსრულებელი Jay-Jay Johanson ეწვევა. ცოცხალი კონცერტი დუოს ფორმატში Tbilisi Event Hall-ში გაიმართება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, თბილისში Jay-Jay Johanson 2015 წელს გამოშვებული ალბომის, Opium-ის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვა და ახალ სიმღერებთან ერთად მის ყველაზე ცნობილ ჰიტებსაც შეასრულებს.

20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მუდმივი ექსპერიმენტებისა და ძიების პროცესში, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების სინთეზით ჯეი-ჯეი იოჰანსონმა შექმნა ახალი მუსიკა. იოჰანსონს 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი ჰიტსინგლები: Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მელომანებში.

“მუზამე” ახალი კულტურული პროექტია, რომლის მიზანიც არის საქართველოში განსხვავებული, ექსპერიმენტული მუსიკის პოპულარიზაცია და მისი ინკორპორაცია ვიზუალურ ხელოვნებასთან. წინა ივენთის მსგავსად, “მუზამეს” ავტორები ამჯერადაც აპირებენ, დარბაზში შესულ მსმენელს განსხვავებული, არტისტული განათების სტილი და გარემო შესთავაზონ. მათი ორგანიზებით თბილისს 2 მარტს უკვე ეწვია ავსტრიული ნეოკლასიკური პოპარტისტი Soap&Skin. პროექტის ავტორების განცხადებით, Soap&Skin-ის შემდეგ ქართველ მსმენელში “მუზამეს” მიმართ ინტერესი და მოლოდინი განსაკუთრებით გაიზარდა, რამაც საშუალება მისცა, მომდევნო ნაწილი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური ყოფილიყო. საზაფხულო შესვენების შემდეგ ორგანიზატორები დიდი საშემოდგომო ივენთისთვის დაიწყებენ მზადებას.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნის გამო ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტზე მხოლოდ 50-ლარიანი ბილეთებია დარჩენილი. Tbilisi Event Hall-ის კარი 4 ივნისს, 20:00-ზე გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი