გოგი გვახარია

საახალწლო ფილმები

გოგი გვახარია

„ცხოვრება მშვენიერია” (აშშ. 1946, რეჟისორი ფრენკ კაპრა)

შეიძლება ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ ფაქტია: ფილმი, რომლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ამერიკული ტელევიზიების საშობაო ეთერი, ეს, ჰოლივუდისთვის, შესაძლებელია საშობაო კინოს მთავარი სიმბოლო, პრემიერის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა მიწაში ჩადეს, კინოთეატრებმა კი მალე მოხსნეს ეკრანებიდან – „ცხოვრება მშვენიერიას” სეანსები ცარიელ დარბაზებში ტარდებოდა. წლები უნდა გასულიყო, რათა მსოფლიოს ხელახლა აღმოეჩინა ფრენკ კაპრას შედევრი და ამერიკელ კრიტიკოსებს ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო 10 ფილმს შორის დაესახელებინათ. საინტერესოა, რომ ამერიკელებმა კაპრას „რეალიზმი დაუწუნეს“, „ნიუიორკტაიმსი“ წერდა, რომ ამბავი ნამეტანი გამოგონილია და გამოხატვის ენა ზედმეტად პირობითი. ამას წერდნენ „ოცნებების ფაბრიკის“ ფილმზე! დაუჯერებელი ამბავია.

დაუჯერებელი იმიტომ, რომ კაპრა ჰოლივუდის ყველა კანონს იცავს და მგონი ყველა ტრადიციას მიჰყვება. თუმცა არა მარტო მიჰყვება, არამედ ამძაფრებს კიდეც მათ და ომის შემდგომი კინოსთვის ძალიან თამამ, შეიძლება ითქვას, ხულიგნურ ფილმს იღებს: ასეთი პირობითობა აქამდე არ ღირსებია ჰოლივუდს: მთავარი გმირის, ვალებში ჩავარდნილი და სასოწარკვეთილი ჯორჯ ბეილის (ჯეიმს სტიუარტი) გადასარჩენად იბრძვის არა მარტო მთელი ქალაქი, არამედ მისი ანგელოზიც, რომელიც დედამიწაზე ფრთების წასაღებად ბრუნდება.

"ცხოვრება მშვენიერია "

“ცხოვრება მშვენიერია “

ნიშანდობლივია კაპრას ფილმის გადაღების თარიღი: 1946 წელს იტალიაში ნეორეალისტები უკვე იღებენ თავიანთ საუკეთესო ფილმებს – სოციალური თემა წამყვანი ხდება ომისშემდგომი ევროპული კინოსთვის. კაპრასთვის ომამდეც მნიშვნელოვანი იყო ისეთი თემები, როგორიცაა: უმუშევრობა, სიღარიბე, უსამართლობა, სიხარბე… მაგრამ კაპრა არასდროს, არც ერთ ფილმში არ გამოხატავს ეჭვსაც კი იმის მიმართ, რასაც თავად „ამერიკულ იდეას“ უწოდებს – ადამიანს შეუძლია გახდეს ბედნიერი, ადამიანს აქვს უფლება გახდეს ბედნიერი… საჭიროა მხოლოდ იყო კანონმორჩილი, გიყვარდეს ადამიანები, ეხმარებოდე მათ… გააკეთე ეს და შენი მფარველი ანგელოზი აუცილებლად მოვა შენ დასაცავად. ფილმში -„ცხოვრება მშვენიერია“ ფრენკ კაპრას ეს „გზავნილი“ იმდენად გაძლიერებულია, ავტორი უკვე იმდენად ღიად ამბობს, რომ ქმნის საშობაო მოსალოც ბარათს სასოწარკვეთილი და უიმედო ადამიანებისთვის, რომ ამ უსაზღვრო გულუბრყვილობაში იბადება იუმორი და თვითირონია, სწორედ ის, რამაც არა მარტო გადაარჩინა კაპრას შედევრი, არამედ მართლაც რომ უკვდავი გახადა; რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა განვითარდეს კინოხელოვნება, შეუძლებელია კინოს ისტორიიდან „ამოვარდეს“ ჯეიმს სტუარტის, მისი საყვარელი ცოლისა და ბავშვების ფინალური კადრი, საშობაო ნაძვის ხით და ანგელოზის საჩუქრით.


„ბინა“(აშშ, 1960, ბილი უაილდერი)

„ამერიკული ოცნება“ გათამაშებულია ბილი უაილდერის ფილმშიც – სურათის მთავარ გმირს, ბაქსტერს (ჯეკ ლემონი), ერთ არაფრით გამორჩეულ უცოლშვილო მოხელეს კარიერის გაკეთებაში საკუთარი ბინა ეხმარება – აძლევს ბინის გასაღებს თავის უფროსებს, რომელთაც იქ ქალები აჰყავთ და თვითონ ღამეებს „ცენტრალ პარკში“ ათევს. ბაქსტერს აწინაურებენ. მისი კაბინეტი ბოლოს ნიუ იორკის ცათამბჯენის ზედა სართულზე აღმოჩნდება.

ბილი უაილდერი ამერიკაში ვენიდან ჩავიდა, სადაც, სხვათა შორის, დოქტორ ფროიდთან ეუფლებოდა ფსიქოლოგიას. ადამიანის, სისტემებისა და იდეოლოგების დაუხვეწაობა, ნაკლოვანება, გამოხატული მისი შედევრის, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებიას“ ფინალურ ფრაზაში: „nobody’s perfect“, ბილი უაილდერის ფილმებში სწორედ ისაა, რაც მართლაც რომ მშვენიერს ხდის ცხოვრებას – მოულოდნელსა და მხიარულს. მაშინაც კი, როცა თითქმის აღარ რჩება ბედნიერების შანსი.

"ბინა"

“ბინა”

უცნაურია, მაგრამ უაილდერის კომედიებს შორის სოციალურად ყველაზე მძაფრი, ყველაზე უკომპრომისო და ხანდახან ულმობელიც კი სწორედ ეს საშობაო ფილმი „ბინა“ აღმოჩნდა. ბაქსტერი აქ ფინალში არა მარტო ბინას და პირადი ცხოვრების უფლებას იბრუნებს, ის ხდება თავისუფალი („თავისუფალი ვარ ახლა და წავალ სამოგზაუროდ, სადაც მინდა იქ“ – მოაყოლებს ის ახალი წლის სადღეგრძელოს) და შობაც უკვე გაგებულია, როგორც მონის დამარცხება საკუთარ თავში, მანიპულაციებზე უარის თქმის უნარი, ცხოვრება „ახლა და აქ“… შემთხვევით არ მთავრდება ყველაფერი კარტის თამაშით „საახალწლო მაგიდაზე“ – ადამიანების ცხოვრებაში დგება წამი, როცა ისინი აღარაფერს გეგმავენ. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ!

„შერბურგის ქოლგები“ (საფრანგეთი, ჟაკ დემი, 1964)

ყოველთვის მიკვირდა, რატომ აჩვენებდნენ „შერბურგის ქოლგებს“ ჩვენს „ილუზიონში“ ახალი წლის დღეებში. დემის ფილმის ფინალი ხომ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანია კინოს ისტორიაში! შობა, რომელიც დასავლური სამყაროსთვის „საოჯახო დღესასწაულია“, აქ არანაირად არ გამოხატავს ბედნიერ დასასრულს. სწორედაც რომ პირიქით – სურათის გმირები ქმნიან ოჯახებს. ფინალში, საახალწლო ნაძვის ხის ფონზე, ერთმანეთს ეუბნებიან, რომ ბედნიერები არიან… მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ტყუილია. ჩვენ ხომ ვხედავთ სევდას მათ თვალებში!

რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე? რატომ გვგონია, რომ რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ მართლაც რეალობაა, ხოლო მუსიკისა და სიჭრელის სამყარო, რომელსაც გამოხატავს დემი, მოგონილი? ნუ დაგვავიწყდება, რომ მთელი „შერბურგის ქოლგები“ გადაღებულია ე.წ. „პლეიბეკსისტემით“, ე.ი. თავიდან ბოლომდე გახმოვანებულია ისე, რომ არც ერთ კადრში არ ისმის მსახიობის ხმა. ფაქტობრივად, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, `შერბურგის ქოლგები” მუნჯი ფილმია, მუნჯი კინოს ფილმი, რომელიც „გახმოვანებულია“ მიშელ ლეგრანის მუსიკით… ესაა “სუფთა ფორმა”, რომლის მიღწევას ცდილობს დემი თავის შემოქმედებაში, ერთგვარი „იდეალური პროპორცია“, რომელმაც პუბლიკა ნამდვილ კინოს ანუ დემისთვის „ზერეალობას“ უნდა აზიაროს.

"შერბურგის ქოლგები"

“შერბურგის ქოლგები”

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ „შერბურგის ქოლგები“, პირველი წარმატებული ფრანგული ფილმი, რომელშიც ალჟირის ომია ნახსენები, არა მარტო პოლიტიკური კინოა (თუ გნებავთ „პოლიტიკური ოპერეტა“), არამედ ფილმი-წინასწარმეტყველებაც: დემიმ თავისი თაობის, ევროპელი „სამოციანელების“ იდეების კრახიც გვიჩვენა – გავა რამდენიმე წელი და 68 წლის ამბოხებას მოჰყვება მეამბოხეთა დიდი ნაწილის მოკალათება „მერსედესებში“ ძვირფასი ქურქებით, ჟენევიევას მსგავსად… ესაა რეალობა! უფრო სწორად რეალობა, რომელიც ჩანს და რომლისგანაც ჩვენ გამიჯვნას ცდილობს ჟაკ დემი მთელ თავის შემოქმედებაში.

„ფანი და ალექსანდრე“ (შვედეთი, რეჟ. ინგმარ ბერგამანი, 1982)

„ფანი და ალექსანდრეს“ გადაღების წინ ინგმარ ბერგმანმა გამოაცხადა, რომ ეს გრძელი და საკმაოდ ძვირადღირებული საგა უკანასკნელი იქნებოდა მის კინოშემოქმედებაში. ასე არ მოხდა. ბერგმანმა კიდევ გადაიღო რამდენიმე პატარა ფილმი ტელევიზიისთვის, მაგრამ „ფანი და ალექსანდრე“ მაინც აღიქმება ფინალად, ერთგვარ ავტონეკროლოგად, გენიოსის ფიქრებად უსასრულობის კარის გახსნის წინ და ბერგმანის, შესაძლებელია, ყველაზე არაბერგმანულ ფილმად – უფრო ვისკონტის საოჯახო რომანებს რომ ჰგავს, ვიდრე თავად ბერგმანს, მისთვის დამახასიათებელი პროტესტანტული სიცივითა და უკიდეგანო, უსაზღვრო სასოწარკვეთით. თუმცა რატომ? „ფანი და ალექსანდრეს“ გმირები ხომ ბავშვები არიან. ჰოდა, როდის გვეუფლება ყველაზე ძალიან მარტოობის განცდა? ცხადია, ბავშვობაში. სწორედ ბავშვობაში ვგრძნობთ ხშირად თავს ყველაზე უბედურად და ამავე დროს, სწორედ ბავშვობაში გვწამს ყველაზე ძალიან სასწაულების. რა არის კინოხელოვნება, თუ არა სასწაული? რა არის კინოატრაქციონი, პროექცია, სინათლე, რომელიც ძლიერ ნაკადად მოედინება, თუ არა სასწაული? და რა არის შობა, თუ არა სასწაული? რატომ არ შეიძლება ფინალში, უსასრულობის კარს რომ მიადგები, მაშინ მაინც არ იწამო სასწაულის?

"ფანი და ალექსანდრე"

“ფანი და ალექსანდრე”

„ზამთრის ზღაპარი“ (1992, საფრანგეთი, რეჟ. ერიკ რომერი)

ფელისი, რომელმაც 5 წლის წინ თავისი ბავშვის მამას არასწორად დაუწერა მისამართი და ამიტომაც დაკარგა ის. მთელი ამ ხნის მანძილზე ელოდებოდა შარლს, ზუსტად იცოდა, რომ შეყვარებული, ერთადერთი ღამე რომ გაატარა მასთან ერთად, აუცილებლად გადაეყრებოდა სადმე. ამ ხნის მანძილზე ფელისიმ, როგორც თავად ამტკიცებდა, „ღმერთიც კი იხილა“ შემთხვევით, ეკლესიაში, სადაც ასევე შემთხვევით მოხვდა, აქედან კი ერთი ნაბიჯი დარჩა სასწაულამდე – შობის დღეებში ფელისი შემთხვევით გადაეყრება შარლს ავტობუსში. აუხსნის, რატომ შეეშალა მისამართი, გააცნობს თავის ქალიშვილს და წაიყვანს სახლში, სადაც ყველამ ერთად, ბედნიერებმა, შობა უნდა იზეიმონ.

მთავრდება ერიკ რომერის საშობაო ზღაპარი. რომერმა მაყურებელს სურვილი შეუსრულა – ასევე მოახდინა სასწაული; ამხელა პლანეტაზე ფელისიმ ავტობუსში მიაგნო იმას, ვისაც წლები ეძებდა და ელოდებოდა. მისმა ლოცვამაც გაჭრა და შეიძლება ითქვას, მაყურებლის სურვილმა-ლოცვამაც.
მაგრამ ჟაკ დემისა არ იყოს, რატომ არ ისმის მხიარული მუსიკა `ზამთრის ზღაპრის~ ფინალში? თუნდაც ისე, როგორც ფრენკ კაპრასთან? სადაა ამაღლებული, საშობაო განწყობილება? ხმაური? სიგიჟე? ფეირვერკები? შარლი იწყებს მოსაწყენ მონოლოგს იმაზე, თუ როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას მომავალში, როგორ წავლენ სამუშაოდ სადმე, სამხრეთ საფრანგეთში, გახსნიან რესტორანს… და ყურადღებიანი მაყურებელი ფელისის თვალებში სევდას ამოიკითხავს; ნუთუ ესაა ის კაცი, რომელსაც ამდენი წელი ელოდებოდა? ერიკ რომერი კი თავის ფილმებს ამ, „ყურადღებიანი მაყურებლისთვის“ იღებს – ახსენებს მას, რომ სასწაული, რომელიც დროსა და სივრცეში შეზღუდულია, აღარ არის სასწაული. უბრალოდ ილუზიაა, გვახსენებს, რომ მთელი ეს მოლოდინი და რიტუალიც ილუზიაა – ზეიმი დამთავრდება და დაიწყება ისევ ნაცრისფერი ცხოვრება, რომელიც ფელისის ცივი ზამთრის ფრანგულ ქალაქებში ჰქონდა. ერთადერთი, რაც ამ ცივ შობაზე იმედს ბადებს ისაა, რომ დღე იწყებს მატებას და მოახლოვდა გაზაფხული… ერიკ რომერი კი „ზაფხულის ზღაპრის“ გადაღებას შეუდგება.

"ზამთრის ზღაპარი"

“ზამთრის ზღაპარი”

მომზადებულია ჟურნალისთვის “საახალწლო საკითხავი”, რომელიც გამოიცა კომპანია “ანაგის” მხარდაჭერით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გოგი გვახარია