ოსკაროსანი რეჟისორი ჰიუ ჰადსონი თბილისში სტუდენტებს შეხვდა

ბრიტანელი რეჟისორი ჰიუ ჰადსონი თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდა და ქართველ რეჟისორ დიტო ცინცაძესთან ერთად მომავალ რეჟისორებთან და კინომცოდნეებთან დისკუსიაში ჩაერთო. თბილისში რეჟისორმა ბოლო ნამუშევარი “ალტამირას ძიებაში” წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ანტონიო ბანდერასი ასრულებს.

ჰადსონის ფილმები, როგორც ცინცაძე აღნიშნავს, ისეთი ადამიანების ისტორიებს გვიყვება, რომლებიც დროს უსწრებდნენ, თუმცა მათ თანამედროვეებს მათი არ ესმით და მარცხთან შეგუება უხდებათ. მაგრამ გადის დრო და აღიარება, რომელსაც ისინი მოიპოვებენ, იმაზე დიდია, ვიდრე ის, რაც შეიძლება სიცოცხლის განმავლობაში მიეღოთ. ჰადსონის ბოლო ფილმიც სწორედ ასეთი კაცის შესახებაა.

ნანობს, რომ “ალტამირა”, რომლის სცენარიც ესპანეთში ვითარდება, ინგლისურ ენაზე გადაიღო. რეჟისორს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ეს საკითხი აფიქრებს – უნდა გადაიღონ თუ არა რეჟისორებმა უფრო მეტად ფილმები ინგლისურ ენაზე, რადგან ისინი საერთაშორისო ბაზარზე უკეთ იყიდება?

“როდესაც ფილმის ესპანურად გახმოვანებულ ვერსიას ვუყურე, მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი.”

ჰიუ ჰადსონის 1981 წელს გადაღებულმა ფილმმა “ცეცხლოვანი ეტლი” ამერიკის კინოაკადეემის მოწონება დაიმსახურა და 4 სხვადასხვა ნომინაციაში მიიღო ოსკარის ჯილდო. 1984 წელს გადაიღო ფილმი “ტარზანი”, რომელიც ასევე ოსკარის რამდენიმე ნომინაციაზე წარადგინეს.

ამის შემდეგ, 1985 წელს, ალ პაჩინოსთან ერთად ფილმი “რევოლუცია” გადაიღო, რომელიც, როგორც თავად ამბობს, კრიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს. წარუმატებელი ფილმის შემდეგ ალ პაჩინომ სამსახიობო კარიერას 4 წლით თავი დაანება.

რეჟისორის კარიერა ასეთი არასტაბილურია – რამდენიმეწლიანი წარმატებისა და წინსვლის შემდეგ, შესაძლოა, კრიტიკოსებმა არ დაგინდონ და შედეგად, ფილმის ჩვენებები ცარიელ დარბაზში შედგეს.

დამწყებებს მხოლოდ ერთ რჩევას აძლევს, რადგან დანარჩენი მხოლოდ თავად ხელოვანზე და მის წარმოსხვაზეა დამოუკიდებული: “გადაიღეთ რაც შეიძლება პერსონალური ფილმები.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი