თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

რას გვთავაზობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2016 წელს

თბილისის რიგით მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი სტარტს 28 ნოემბერს აიღებს და 4 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.

წელს ფესტივალზე რამდენიმე ძირითადი სექციაა წარმოდგენილი: საერთაშორისო კონკურსი, ევროპული კინოს ფორუმი, “დამზადებული გერმანიაში”, ფრანგული კოლექცია, ჰორიზონტები, ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი, რეჟისორი ფოკუსში: მარგარეტ ფონ ტროტა, პოლიტიკური ცხოვრება – Bios Politics, ქართული პანორამა, აპოლო – კინოს მეხსიერება, ასევე, “სპეციალური ჩვენება”.

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფესტივალს გახსნის წლევანდელი საპატიო სტუმრის, მარგარეტ ფონ ტროტას ფილმი “როზა ლუქსენბურგი”. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მის რამდენიმე მნიშვნელოვან ნამუშევარს აერთიანებს.

სექცია “ქართული პანორამის” ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება ეროვნული კონკურსი და გამარჯვებულები 3 კატეგორიაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. წელს ამ სექციაში წარმოდგენილი იქნება სალომე ჯაშის “დაისის მიზიდულობა”, რეზო ესაძის “თვე, როგორც ერთი დღე”, მარიამ ჭაჭიას “მოუსმინე სიჩუმეს”, ნინო გოგუას “ნივთები”, ცირა გვასალიას “ოთახები” და კიდევ 20-მდე ქართული ფილმი.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის პრესკონფერენცია. 24.11.16

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის პრესკონფერენცია. 24.11.16

ქართული ფილმები ასევე მონაწილეობენ ფესტივალის საერთაშორისო კონკურსში. ამ სექციაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ნინო ბასილიას “ანას ცხოვრება”, ჰანა იუშიჩის “თავი დამანებეთ!”, მირჟანა კარანოვიჩის “კარგი ცოლი” და სხვა ფილმები.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველ წელს ირჩევს ერთ თემას და სპეციალურ სექციას ქმნის. ეს თემა წელს პოლიტიკა იქნება – Bios Politics, რომელიც 10 სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს გააერთიანებს.

“ქვეყანა ფოკუსში” წელს პოლონეთია. მაყურებელს 29 ნოემბრიდან 4 დეკემბერის ჩათვლით 15 პოლონური ფილმის ნახვის საშუალება ექნება. პოლონური ფილმი „ტალღები“ საერთაშორისო კონკურსშიც მიიღებს მონაწილეობას. პოლონური ფოკუსი ასევე მოიცავს დისკუსიას „ფერფლიდან ალმასამდე“, რომელიც შეეხება პოლონურ კინოინდუსტრიას 1989 წლიდან დღემდე. დისკუსიას გაუძღვება პოლონური კინოს ექსპერტი – იაკუბ მაიმურეკი.

ტრადიციისამებრ, ნაჩვენები იქნება ფრანგული და გერმანული საავტორო ფილმების კოლექციები. ფესტივალზე წარმოდგენილი 115 ფილმიდან უმეტესობა რამდენიმე ფესტივალის პრიზიორია.

მარგარეტ ფონ ტროტასთან ერთად წელს ფესტივალს ოსკაროსანი რეჟისორი ჰიუ ჰადსონის ესტუმრება. ისინი დიტო ცინცაძესთან ერთად მასტერკლასებს ჩაატარებენ. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, “ინდუსტრიული დღეების” ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება პროდიუსერებისათვის და გაიმართება პანელ-დისკუსიები.

3 დეკემბერს, 19:00 საათზე ფესტივალს ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმი “წამიყვანე სახლში” დახურავს და ასევე გაიმართება ფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, ეროვნული კინოცენტრი.

კინოფესტივალზე დასაწრები ბილეთების შეძენა ონლაინ, TKT.GE-ზეა შესაძლებელი. ბილეთების ფასი 3-დან 5 ლარამდეა.

ავტორი