ახალი ამბები

შიმშილობის მეხუთე დღე – ნატა ფერაძის მოთხოვნები უცვლელია

21 აგვისტო, 2016 • 2511
შიმშილობის მეხუთე დღე – ნატა ფერაძის მოთხოვნები უცვლელია

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან შიმშილობის აქციას აგრძელებს. მან შიმშილობა 17 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

“პარტიზანული მოძრაობა თბილისის” წევრები მოითხოვენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას, ასევე სამსახურის სტრუქტურის შეცვლას:

“ამათი გადადგომა და სხვა ადამიანის მოსვლა არაფერს რეალურად არ შეცვლის. გადადგომა და საუბარი სტრუქტურის შეცვლაზე. ამას მარტო ჩვენ ვერ შევცვლით, ამაში უნდა ჩაერთოს გაცილებით მეტი ადამინი, რომ არ იყოს დამოკიდებული ეს ადამაინზე. სტრუქტურა იყოს ისეთი, რომ დაინტერესებულ მოქლაქეებს ჰქონდეთ წინასწარ კონტროლის საშუალება, არ გვიწევდეს უკვე მოჭრილ ხეებზე პროტესტი, არამედ წინასწარ ვიცოდეთ, სად აპირებენ მოჭრას, სად რა პროექტი იქნება, მეტი ინტერაქცია იყოს მოსახლეობასთან,”- ამბობს ნატა ფერაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

როგორც ნატა ფერაძემ აღნიშნა, შიმშილობის 5 დღის განმავლობაში მერიის წარმომადგენლებს მასთან არ უსაუბრიათ:

“საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ინტერნეტში ვნახულობთ აბსურდულ განცხადებებს. კონტაქტზე პირადად არავინ არ გამოსულა. ველოდებით ორშაბათს. დღეს დასვენების დღეები იყო და არ ჰქონიათ გამოხმაურება. ხვალაც თუ არ იქნება გამოხმაურება, ისევ მივცემთ რეგულარულ სახეს. შიმშილობაზე უკიდურესი პროტესტის ფორმა აღარ ვიცით და მას გავაგრძელებთ,”- ამბობს ის.

მისივე თქმით, შიმშილობის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, თუკი იგი ფიზიკურად შიმშილობის გაგრძელებას ვეღად შეძლებს, მაშინ სხვა პარტიზანი მებაღე დაიწყებს შიმშილობას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება:

“ასე კარგად დიდი ხანია არ მიგრძვნია თავი იმიტომ, რომ არ ვარ უმოქმედოდ და ვიცი, რომ რაღაცას შევცვლით. მორალურად გაცილებით მყარად ვარ იმიტომ, რომ უმოქმედოდ სახლში ჯდომისგან ბოღმით ვსკდებოდი და ახლა ვიცი, რომ რაღაცას ცვლი და შევცვლი აუცილებლად ბოლომდე,”- ამბობს ნატა ფერაძე.

ნატა ფერაძე შიმშილობს მერიის წინ. ფოტო: პარტიზანული მებაღეობა/მარიამ ბაქრაძე. 21.08.2016

ნატა ფერაძე შიმშილობს თბილისის მერიის წინ. ფოტო: პარტიზანული მებაღეობა/მარიამ ბაქრაძე. 21.08.2016

გუშინ, 20 აგვისტოს, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოცხადდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ნარმანიას გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესის და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის  საჭიროებითაა გამოწვეული.

ყაზბეგის ქუჩაზე ხეების ჭრის საქმეს პროკურატურა იძიებს, რომელმაც საქმის გამოძიება “პარტიზანული მებაღეობის” განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი