ახალი ამბები

86 ხმით 28-ის წინააღმდეგ – გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია

30 დეკემბერი, 2015 • 2537
86 ხმით 28-ის წინააღმდეგ – გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია

86 ხმით 28-ის წინააღმდეგ, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა შესაბამის აქტს, საქართველოს მოსახლეობას ახალი მთავრობის დამტკიცება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

“იყო მცდელობა, ჩვენი კონსტრუქციული, მეგობრული, თანამშრომლობის სულისკვეთებით გაჟღენთილი ტონალობა შეცვლილიყო. ჩვენ არ ავყევით ამ მცდელობებს და დავრჩით იმავე ტონალობაში, რა ტონალობითაც ვაპირებთ გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. ვფიქრობთ, ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება. ეს იქნება ჩვენი მთავარი ქვაკუთხედი, ისევე, როგორც ეკონომიკის განვითარება, მეტი დოვლათის შექმნა ქვეყანაში,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, თითოეული თანამოქალაქის წინაშე.

დღეს საქართველოს პარლამენტი მთელი დღის განმავლობაში ისმენდა პრემიერობის კანდიდატის სამოქმედო გეგმებს. კვირიკაშვილმა პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.

მთავრობის ხელახალი დამტკიცება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი