ახალი ამბები

მამუკა ახვლედიანი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოც და ნინო გვენეტაძეც აუცილებლად უნდა წავიდნენ

29 დეკემბერი, 2015 • 2801
მამუკა ახვლედიანი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოც და ნინო გვენეტაძეც აუცილებლად უნდა წავიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ პფრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ.

ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ არ სურს მახინჯი სისტემის ნაწილი გახდეს.

“მე ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას ვერც ამ უზენაესი სასამართლოს პირობებში და ვერც ამ საბჭოს პირობებში. მე ცალსახად ვფიქრობ, რომ ნამდვილად, იუსტიციის საბჭოც უნდა წავიდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს იმიტომ, რომ ვერც ერთმა ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი. თუ ნამდვილად ვერ დავინახავ მიმართულებებს სასამართლო სისტემაში და სწორ განვითარებას, აქ მე არც ხელფასისთვის და არც სკამისთვის არ ვარ. ნამდვილად არ მინდა, რომ მახინჯი სისტემის ნაწილი გავხდე. მაგრამ არც ისე ჩათვალოს ვინმემ, რომ მარტივად, რახან არაფერი არ ხდება, სახლში წავალ, ასე ნამდვილად არ ვიქნები.  ბოლომდე ვიბრძოლებ,”– განაცხადა მამუკა ახვლედიანმა საქალაქო სასამართლოში  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მამუკა ახვლედიანს 2005-2007 წლებში ეკავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობა, 2007-2012 წლებში კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის 26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი