ახალი ამბები

პრემიერის გადადგომის შემთხვევაში უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუჩერდება

23 დეკემბერი, 2015 • 1456
პრემიერის გადადგომის შემთხვევაში უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუჩერდება

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტის, კონსტიტიციონალისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, მოვალეობას ყოფილი პრემიერი (ანუ ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი) ან პირველი ვიცე-პრემიერი (ამ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი) შეასრულებს.

მშვენიერაძის განმარტებით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იმ ძალამ, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.

დღეს, 23 დეკემბერს, 18:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის პრესრელიზში დაკონკრეტებული არ არის, თუ რას შეეხება საგანგებო განცხადება, თუმცა დღეს დილიდან ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ პრემიერი გადადგომას აპირებს. სახელდება მისი შემცვლელის ვინაობაც- ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი კვირიკაშვილი.

საგანგებო ბრიფინგს ჟურნალისტები არ დაესწრებიან, თუმცა საზოგადოება პრემიერის გამოსვლას პირდაპირ ეთერში ნახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი