ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

23 დეკემბერი, 2015 • 3530
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება არჩევანის თავისუფლებაზე საუბრით დაიწყო, თუმცა არ განუმარტავს ის, თუ რამ განაპირობა მისი არჩევანი.

”თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ. ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე. ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვლმა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი საქართველოს “ერთგულ ჯარისკაცად დარჩება”.

”ხელისუფლებაში ყოფნა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. დიდი მნიშვნელობა აქვს რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერი-მინისტრის თანამდებობა. ახლა როცა გამყარებულია ჩენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებები. მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. დღეს ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყბის ერთგულ ჯარისკაცად,” – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტის, კონსტიტიციონალისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მთავრობის მეთაურის მოვალეობას ყოფილი პრემიერი (ირაკლი ღარიბაშვილი) ან პირველი ვიცე-პრემიერი (გიორგი კვირიკაშვილი) შეასრულებს.

მშვენიერაძის განმარტებით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იმ ძალამ, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.

ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2013 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხელისუფლებაში მოსვლამდე ის ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2014 წლის 27 ივნისს, საქართველოს სახელით ხელი მოაწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. ეს გახდა წინაპირობა იმისა, რომ ევროკომისიის 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას იმსახურებს.

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს შეიქმნა სოლიდარობის ფონდი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორიდან ფინანსური რესურსების მობილიზებასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას ემსახურება.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2014 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა. კერძოდ იმაში, რომ ხელს უწყობდა მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილს ზვიად ჯანყარაშვილს, რომელიც შსს-ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი