ახალი ამბები

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველო უვიზო მიმოსვლას იმსახურებს

18 დეკემბერი, 2015 • 3275
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველო უვიზო მიმოსვლას იმსახურებს

ევროკომისიამ გამოაქვეყნა  “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მეოთხე მიმდინარე ანგარიში, სადაც საუბარია, რომ საქართველომ VLAP–ის ფარგლებში ყველა დადგენილი კრიტერიუმი შეასრულა.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ 2016 წლის დასაწყისში წარადგენენ საკანონმდებლო ინიციატივას No 539/2001 რეგულაციის შესწორებასთან დაკავშირებით. შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას სწორედ ეს რეგულაცია არეგულირებს.

საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებას 15 დეკემბერს ელოდებოდნენ, თუმცა ანგარიშის გამოქვეყნება გადაიდო.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დილით მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ანგარიში საქართველოსთვის პოზიტიური იქნებოდა, მინისტრებს მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ევროკავშირმა 2012 წლის ივნისში დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა“ (VLAP). გეგმაში განსაზღვრული იყო ნიშნულები (benchmarks), რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ მოკლე ვადით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა. ასეთი სულ 15 ნიშნული იყო. VLAP-ის პირველი ფაზა ზემოხსენებული ნიშნულების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, რაც საქართველომ უკვე წარმატებით დახურა, ხოლო მეორე ფაზაში ევროკომისიამ შეამოწმა, რამდენად მუშაობს რეალურად მიღებული კანონმდებლობა და ხორციელდება თუ არა რეფორმები.

დღევანდელი ანგარიში VLAP-ის განხორციელების ფარგლებში რიგით მეოთხე შეფასებითი ანგარიშია.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მხოლოდ მის ტექნიკურ გეგმაზე არ არის დამოკიდებული და ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიიღონ კონსენსუსის საფუძველზე. სამოქმედო გეგმის ტექნიკურ დეტალებს ევროკომისია ამოწმებს, ხოლო პოლიტიკურ ნაწილზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ ევროკავშირის საბჭოსთან ერთად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი