ახალი ამბები

კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელს დღეს ლუქსემბურგში შეხვდება

8 დეკემბერი, 2015 • 1615
კალაძე გაზპრომის ხელმძღვანელს დღეს ლუქსემბურგში შეხვდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დღეს ლუქსემბურგში შეხვდება გაზპრომის ხელმძღვანელ ალექსეი მილერს. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო ოთხ თვეში ეს უკვე მესამე შეხვედრაა საქართველოს ვიცე-პრემიერსა და მილერს შორის:

“გაზპრომმა” 25 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალექსეი მილერი ბრიუსელში შეხვდა საქართველოს ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს და საუბარი შეეხო საქართველოში რუსული გაზის მიწოდებას და მის ტრანზიტს მესამე ქვეყანაში.

ამის შემდეგ, 26 ოქტომბერს კალაძე მილერს მილანში შეხვდა. როგორც “გაზპრომის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, შეხვედრაზე განიხილული იყო საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტისა და მისი კომერციული მიწოდების საკითხები.

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია.

ამ დრომდე საქართველოს ძირითადი გაზმომმარაგებელი აზერბაიჯანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი