ახალი ამბები

ქულების სისტემა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების აღრიცხვისათვის – შსს-ს ახალი ინიციატივა

3 დეკემბერი, 2015 • 1755
ქულების სისტემა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების აღრიცხვისათვის  – შსს-ს ახალი ინიციატივა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის აღმრიცხველი ქულების სისტემა დაინერგოს, რომელიც საბოლოოდ მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის წესს დაადგენს. ინიციატივის შესახებ რუსთავი 2-თან მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა:

“შსს ყველა მძღოლს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს, ერთი წლის განმავლობაში მიანიჭებს 100 ქულას, ხოლო დარღვევების შემდეგ მძღოლებს ლიმიტიდან ქულების შესაბამისი ოდენობა მოაკლდებათ, რომელიც იმ კონკრეტულ დარღვევაზე იქნება მიბმული. ეს ცვლილება ხელს შეუწობს იმას, რომ ჯარიმის გადახდა არ იყოს იმის ინდულგენცია ან ბოდიში დარღვევისთვის, არამედ მძღოლებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ. ისინი, ერთი მხრივ, დაჯარიმდებიან, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ წლის განმავლობაში ბევრი დარღვევის საშუალება არ ექნებათ. ეს ინიციატივა აღკვეთს განმეორებით კრიტიკულ დარღვევებს.

თუ აქამდე მძღოლის ცნობიერებაში იდო, რომ, მაგალითად, ღერძულა ხაზს გადაკვეთდა, ჯარიმას გადაიხდიდა და ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მან მოქალაქეს დიდი საფრთხე შეუქმნა, ქულათა სისტემა ამ ტიპის სტერეოტიპებს ანგრევს. როცა მძღოლი ერთხელ დაარღვევს [მოძრაობის წესს], მას ეცოდინება, რომ ეს არა მხოლოდ ფინანსურ სანქციას, არამედ პრევენციულ ზომასაც ითვალისწინებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ჯერჯერობით შესაბამისი კანონპროექტი შსს-ს არ გაუვრცელებია, შესაბამისად, უცნობია, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ამა თუ იმ კატეგორიაზე რა ოდენობის ქულა დააკლდება მძღოლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი