ახალი ამბები

დაკავებულის დედის თქმით, მის შვილს ISIS–ის დროშა ჩაუდეს

1 დეკემბერი, 2015 • 1366
დაკავებულის დედის თქმით, მის შვილს ISIS–ის დროშა ჩაუდეს

ტერორისტულ გაერთიანება “ისლამურ სახელმწიფოსთან” სავარაუდო კავშირში მყოფი ერთ–ერთი ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს ისლამისტების დროშა არ ჰქონია.

“არასდროს ჩემს შვილს ეგ დროშა არ უნახავს. ის ამოგვიღეს მისი საწოლის ქვეშ. ჩემი ხელით გასწორებული შაბათ დილაზე. მე გავასწორე მისი ლოგინი,  ავრეკე და გავუსწორე ჩემს შვილს და ორ ბომბაზე და ერთ იმაზე დამიწვინეს შვილი,” – ამბობს “ქრონიკასთან” საუბრისას მზევინარ გობაძე.

დაკავებული გობაძე ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია, რომელიც გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს მოქალაქეებს სისხლისღვრით იმუქრება.

სხვა დაკავებულების მშობლებიც აცხადებენ, რომ მათ შვილებს იარაღი ჩაუდეს.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბრალდებული, რომელიც ბათუმში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააპატიმრეს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, კატეგორიულად უარყოფს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს და ირწმუნება, რომ საცხოვრებელ სახლში იარაღი მას ჩაუდეს.

დღეს, 13 საათზე იმსჯელებს თბლისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და სასამართლო პროცესიც დახურულ სხდომათა დარბაზში გაიმართება. ერთ-ერთი დაკავებული თემურ ბახუნტარაძის შვილია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ იუსუფ ლაკიევს, ფირუზ წულუკიძესა და მათთან ერთად დაკავებულ თემურ ბახუნტარაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დაასრულა.

სასამართლო პროცესზე თემურ ბახუნტარაძე რელიგიური ნიშნით დევნაზე საუბრობდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” სავარაუდო კავშირში მყოფი 4 ადამიანი დააკავეს. სუს–ში დღეს, 1 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე სუს–ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად, 4 ბინიდან ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო ვაზნები, “ისლამური სახელმწიფოს” დროშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი