ახალი ამბები

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი ექიმის წინააღმდეგ – საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

1 დეკემბერი, 2015 • 1642
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი ექიმის წინააღმდეგ – საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

8 წლის მერაბ ნიკურაძის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

“საკითხი, საბოლოო შესწავლის შემდეგ, როგორც წესი, განიხილება მინისტრთან არსებულ პროფესიული განვითარების საბჭოზე, სადაც განისაზღვრება მკურნალობაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი”, – ნათქვამია რეგულირების სააგენტოს დღევანდელ განცხადებაში.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, რამდენიმე თვის წინ აღნიშნული საკითხით მინისტრის დავალებით სააგენტო დაინტერესდა, პაციენტის მშობლის მომართვის საფუძველზე.

“იმ დროისათვის არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია გადაგზავნილია სარეცენზიოდ შეფასებისთვის. ამ ეტაპზე უფლებამოსილ პირს, საკითხის შესწავლის მიზნით, რეგულირების სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს. მომართვის ან შესაბამისი უწყების დაინტერესების შემთხვევაში, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, გატარდება სათანადო ღონისძიებები”, – წერია განცხადებაში.

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრების მტკიცებით, ბავშვს იაშვილის კლინიკაში არასწორი-ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრი ამბობს, რომ იაშვილის კლინიკის შემდეგ პაციენტი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოჯახს აცნობეს, რომ ბავშვს თბილისში თავიდანვე არასწორი დიაგნოზი ჰქონდა დასმული და, შესაბამისად, დანიშნული მკურნალობაც არასწორი იყო.

არასწორი მკურნალობისა და პაციენტის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო პაციენტის ოჯახი იაშვილის კლინიკის ექიმს, ასმათ შენგელაიას ემუქრება.

დღესვე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბავშვი მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიას, სუნთქვის მწვავე უკმარისობას, დაუდგენელ და სხვა კონვულსიებსა და პნევმონიას მკურნალობდა.

“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიაგნოზი დასმული იქნა დროულად (კლინიკაში შემოსვლისთანავე) და დადასტურებული იქნა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მკურნალობა ასევე იქნა დაწყებული დროულად, დიაგნოზის დადგენისთანავე. მკურნალობა მიმდინარეობდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის ეროვნული და საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით და ამ პროტოკოლებში მითითებული მედიკამენტების გამოყენებით.  მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დასმული იქნა სისხლის საერთო ანალიზის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოქიმიური, ცოტოგენეტიკური და იმუნოლოგიური (ძვლის ტვინის იმუნოფენოტიპირება-გამდინარე ციტომეტრით) კვლევების საფუძველზე. მკურნალობა წარმოებდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის მართვის ეროვნული და გერმანული პროტოკოლის (ALL-IC-BFM I პროტოკოლი) მიხედვით. ქიმიოთერაპიის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული გართულებები მიეკუთვნება ხშირ გართულებათა რიცხვს და მათ შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდა მკურნალობის დაწყებამდე”, – წერია კლინიკის განცხადებაში.

კლინიკის წარმომადგენელთა განმარტებითვე, 02.04.2015 წელს მშობლის მოთხოვნით პაციენტი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.


“თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ პაციენტს ჩვენი კლინიკისათვის არ მოუმართავს.
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულთა მხოლოდ 77% ექვემდებარება მკურნალობას, ხოლო დანარჩენი 23% მთავრდება ლეტალური გამოსავლით. (მითითებული მაჩვენებელი 10 წლის წინ გაცილებით სავალალო იყო)”, – წერია იაშვილის კლინიკის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი