სამხრეთ კავკასიის ამბები

ლგბტ ადამიანებისა და მათი დამცველების დევნა აზერბაიჯანში

30 ნოემბერი, 2015 • 2597
ლგბტ ადამიანებისა და მათი დამცველების დევნა აზერბაიჯანში

ლგბტ აზერბაიჯანის ალიანსი “ნეფესის” (NEFES) მონაცემებით, 2015 წელს აზერბაიჯანში სექსუალური იდენტობის გამო ხუთი ადამიანი მოკლეს –  ერთი გეი, ერთი ლესბოსელი და სამი ტრანსგენდერი. ამას ემატება ამავე ნიადაგზე ქვეყანაში დაფიქსირებული არაერთი სუიციდის შემთხვევა.

26 წლის ჯავიდ ნაბიევი ამჟამად თავს გერმანიას აფარებს, რადგან იძულებული გახდა მშობლიური აზერბაიჯანი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც არაერთი მუქარა მიიღო. ერთ წელზე მეტი გავიდა იმ ფაქტიდან, როცა აზერბაიჯანულ მედიაში გამოჩნდა ფოტოები, რომელიც ასახავდა, თუ როგორ შეფიცეს ერთმანეთს ერთგულება ჯავიდმა და მისმა პარტნიორმა მამაკაცმა. “ნიშნობის მოკრძალებული ცერემონია” აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ სუმგაითში, ჯავიდის სახლში გაიმართა და მას წყვილის ოთხი მეგობარი ესწრებოდა.

ადგილობრივმა მედიამ ეს “სენსაციური ამბავი” აიტაცა, რის შემდეგაც წყვილის მიმართ გახშირდა მუქარის წერილები, მათ სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ. ჯავიდი და მისი 19 წლის პარტნიორი იძულებულნი გახდნენ სტამბოლში გაქცეულიყვნენ, თუმცა რამდენიმე დღეში ჯავიდის პარტნიორი უკან დაბრუნდა, რადგან დისგან სატელეფონო შეტყობინება მიიღო, რომ დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო. შინ დაბრუნებულს მშობლებმა სამგზავრო დოკუმენტები წაართვეს და უმეთვალყურეოდ არსად უშვებდნენ. მამა კი შვილს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში იძულებით გაშვებით ემუქრებოდა.

იმისთვის, რომ ასეთ ვითარებაში ჩავარდნილ მეგობარს დახმარებოდა, ჯავიდიც დაბრუნდა ბაქოში, თუმცა პარტნიორის მშობლები მას დაპატიმრებით დაემუქრა, რის შემდეგაც მან ქვეყანა ისევ დატოვა და ახლა გერმანიაში ცხოვრობს, რგორც თავშესაფრის მაძიებელი და იქიდან იცავს ლგბტ ადამიანების უფლებებს, როგორც ორგანიზაცია “ნეფესის” პრეზიდენტი. ჯავიდმა, რომელმაც მშობლები და და ადრიანად დაკარგა, ეს ორგანიზაცია, რომელიც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს იცავს აზერბაიჯანში, მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა.

ჯავიდისგან განსხვავებული გზა აირჩია ცნობილმა აზერბაიჯანელმა გეი აქტივისტმა ისა შაჰმარლიმ. 20 წლის შაჰმარლიმ 2014 წლის იანვარში მოიკლა თავი საკუთარ სახლში, ბაქოში. თვითმკვლელობამდე მან ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა:

“უთხარით დედაჩემს, რომ ძალიან მიყვარდა. ყველას გადანაშაულებთ ჩემს სიკვდილში. ეს სამყარო ისეთი ფერადი არ არის, რომ ჩემი ფერიც დაიტიოს. მშვიდობით.”

შაჰმარლიმ თავი ცისარტყელას დროშით ჩამოიხრჩო, რომელიც ლგბტ გლობალური მოძრაობის სიმბოლოა. იგი ღიად აცხადებდა, რომ იყო ოჯახისგან იგნორირებული, შეუარცხყოფას აყენებდნენ მასწავლებლები, სცემდნენ თანაკლასელები. სიკვდილამდე ის წერდა, რომ მართალია, ფსიქოლოგები უხსნიან ყველაფერს ლგბტ ადამიანების მშობლებს, მაგრამ მათ მაინც ავადმყოფებად განიხილავენ. მისი თქმით, ოჯახისგან ზეწოლამ ბევრი ლგბტ ადამიანი მიიყვანა სუიციდამდე.

მიმდინარე წლის ოქტომბერში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 18 წლის ჰამიდა მამადოვამ. ის კასპიის ზღვაში დაიხრჩო. როგორც მეგობრები ამბობენ, მას შემდეგ, რაც ჰამიდას სექსუალური იდენტობის შესახებ (ის ლესბოსელი იყო) შეიტყვეს მშობლებმა, მან სახლი დატოვა და ნათესავებთან გადავიდა ბაქოში. ამას უარყოფდა ჰამიდას ოჯახი. ერთ-ერთ ინტერვიუში მამამისი ირწმუნებოდა, რომ ჰამიდა ბაქოში იმისთვის წავიდა, რომ ფილმში მიეღო მონაწილეობა, რისი წინააღმდეგიც იყო ოჯახი.

“ჰომოფობია ფართოდ გავრცელებულია აზერბაიჯანში,” – აცხადებენ ორგანიზაციაში ლგბტ აზერბაიჯანის ალიანსი “ნეფესი”. სიტუაცია, როცა ოჯახი არ იღებს მისი შვილის სექსუალურ იდენტობას და ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მიიჩნევს, ძალიან გავრცელებული და ნაცნობია აზერბაიჯანში. საზოგადოების ფართო მასებში ჰომოსექსუალობა განიხილება სირცხვილად და სიბინძურედ, რის გამოც ლგბტ ადამიანები ხშირად აწყდებიან ძალადობას თავიანთ ოჯახებში, ძირითადად, მამებისა და ძმების მხრიდან, აიძულებენ დაქორწინებას. გერმანული ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ცნობით, ზეწოლის ფორმები, ასევე, მოიცავს სიკვდილით მუქარას.

აზერბაიჯანში ჰომოსექსულობის დეკრიმინალიზაცია 2001 წელს მოხდა და ქვეყანამ ამით შეასრულა ევროსაბჭოში გაწევრიანებისთვის აღებული ერთ-ერთი ვალდებულება. თუმცა მის შემდეგ მთავრობას თითქმის არაფერი გაუკეთებია სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით.

2010 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა დებატებს გეების წინააღმდეგ დისკრიმინსაციისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე. მათ თქვეს, რომ დებატები “მიუღებელი” იყო აზერბაიჯანისთვის, რომელსაც არ სურს, რომ “უცვლელად გადმოიღოს ყველაფერი, რაც ევროპაშია მიღებულია”.

იმავე 2010 წელს გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების დანიურმა ინსტიტუტმა ანგარიში, რომელიც ასახავს აზერბაიჯანელების დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობების მიმართ. ანგარიშის მიხედვით, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები “ორმაგ დისკრიმინაციას” აწყდებიან აზერბაიჯანის საზოგადოებაში, სადაც ქალები, როგორც წესი, მკაცრად ემორჩილებიან მშობლებს, შედიან ტრადიციულ ქორწინებაში და აჩენენ შვილებს. ანგარიში მოიცავს მრავალრიცხოვან შემთხვევებს, როცა აზერბაიჯანში ადამიანები გახდნენ ვერბალური და ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლები მათი სექსუალური იდენტობის გამო.

სამსახურში დისკრიმინაცია, ასევე, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ლგბტ ადამიანებისთვის. “ნეფესის” მიერ ჩატარებულ კვლევაში 500 რესპონდენტი მონაწილეობდა 8 რეგიონიდან, ძირითადად, ახალგაზრდები (18-35 წლის), რომლებსაც აქვთ მიღებული კარგი განათლება. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ ისინი ჰომოსექსუალობას განიხილავენ, როგორც ავადმყოფობას ან პირად არჩევანს და არა – იდენტობას. გამოკითხულთა ¾-მა თქვა, რომ მათ ექნებოდათ ნეგატიური დამოკიდებულა ლგბტ კოლეგების მიმართ სამსახურში, ხოლო 60%-მა აღნიშნა, რომ თუკი იქნებოდნენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ისინი არ დაასაქმებდნენ ჰომოსექსუალ, ლესბოსელ, ბისექსუალ ან ტრანსგენდერ პირებს.

“ამ კვლევის რესპონდენტები არიან საზოგადოების წრამომადგენლები და შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი არ იცნობენ ჰომოსექსუალობის არსს. გაუცნობიერებლობა კი არის საკვანძო ელემენტი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უდგება საკითხს სახელმწიფო,” – აცხადებენ “ნეფესში”. მათივე განცხადებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი შეუერთდა ბევრ კონვენციას, მას აქვს ვალდებულება, განახორციელოს რეფორმები განათლების სფეროში: “იმის გამო, რომ ჩვენი კვლევის რესპონდენტების 70%-ზე მეტს აქვს უმაღლესი განათლება და არ აქვთ სწორი ინფორმაცია ჰომოსექსუალობაზე, ეს თემა უნდა შევიდეს საგანმანათლებლო სისტემაში”.

იმის მიუხედავად, რომ მუსლიმურ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი შედარებით სეკულარულ და ლიბერალურ სახელმწიფოდ მიიჩნევა, დღესაც მწვავედ დგას ლგბტ პირთა უფლებების დაცვის საკითხი. აქ არ არსებობს ოფიციალურად რეგისტრირებული ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენენ ლგბტ პირთა უფლებებისა და ინტერესების ადვოკატირებას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ამ ორგანიზაციებისთვის დაფინანსების მოძიებას.

გასულ სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, რომელშიც დაგმობილია ლგბტ ადამიანებისა და მათი დამცველების დაშინებისა და დევნის ფაქტები. თუმცა იმის გამო, რომ აზერბაიჯანში სისხლის სამართლებრივად არ ისჯება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, ასევე, არაა კრიმინალიზებული სიძულვილის ენა, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის რაოდენობაზე.

ევროპარლამენტი ზემოთ აღნიშნულ რეზოლუციაში “მკაცრად გმობს უპრეცედენტო რესპრესიებს სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ აზერბაიჯანში”. მასში, ასევე, ნათქვამია, რომ “ევროპარლამენტი ძალიან შეშფოთებულია ლგბტ პირთა მდგომარეობით” და რომ იგი “გმობს პოლიტიკოსების სიძულვილის ენას ლგბტ ადამიანების მიმართ”. უფრო მეტიც, პარლამენტი “მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას შეაჩეროს ობსტრუქციული და შეურაცხმყოფელი პოლიტიკა ადამიანის უფლებების დამცველების მიმართ”.

ევროპარლამენტში ლგბტი უფლებების დაცვის ინტერჯგუფის წევრები ტანია ფაიონი და კატი პირი აცხადებენ: “აზერბაიჯანში ლგბტი საზოგადოების დევნა არის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების ფართოდ სისტემატიზებული დევნისა… დროა, სერიოზულად მივუდგეთ ამ დევნას და ჩვენ მოვუწოდებთ უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, რომ გადაჭრას ეს საკითხები უმაღლეს დონეზე”.

რუსლან ბალუხინი, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტობის 22-წლიანი სტაჟი აქვს, ვებ-გვერდ Gay.az-ის დამფუძნებელია. ამ ვებ-გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ ეს არის “პირველი საინფორმაციო და საგანმანათლებლო რესურსი ლგბტ მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანში”. ბალუხინის თქმით, გეების წინააღმდეგ დისკრიმინაციისგან საუკეთესო თავდაცვის ატრიბუტია სიმდიდრე და ძალაუფლება:

“თუკი გაქვს ფული და კარგი კავშირები, ვერავინ გაბედავს შენს ღიად კრიტიკას, გეი იქნები თუ ჰეტეროსექსუალი. კორუმპირებულ და ავტოკრატ ოლიგარქებთან კავშირი არის ერთადერთი გზა, რომ დაცული იყო დისკრიმინაციისა და შეუარცხყოფისგან”.

ჯავიდ ნაბიევი იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც ის დაბრუნდება აზერბაიჯანში და უხელმძღვანელებს ლგბტ პირთა დაცვის კამპანიას:

“მე გერმანიაში დასარჩენად არ ჩამოვსულვარ. მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ, რომელიც იბრძვის ლგბტ უფლებებისთვის აზერბაიჯანში. ერთ დღესაც მე აზერბაიჯანში დავბრუნდები და ვიბრძოლებ როგორც გეი კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი