IMG_7920_cr

იმერეთის რეგიონში მცირე მეწარმეობის დასაწყებად გრანტი 53 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად იმერეთის რეგიონში გრანტი 53 დევნილს გადასცა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ  მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულეს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილებისგან შემდგარმა ჯგუფმა, გრანტის საშუალებით,  80 ბოცვერი შეიძინა,  აფხაზეთის ომის ვეტერანმა ელისო ლობჟანიამ საოჯახო სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკა, ხოლო მარტოხელა დედამ  მარიამ ნემსიწვერიძემ ფუტკრის სკები.

სოზარ სუბარი წყალტუბოში იმ დევნილებსაც შეხვდა, რომლებსაც საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტო გრანტს უახლოეს მომავალში გადასცემს. მინისტრმა დევნილებს  გრანტის მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულებები გადასცა.

საგრანტო პროგრამა  „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“  ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს.   პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.  პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.

გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე:

  • მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათ ოჯახის წევრებზე;
  • 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს – დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს;
  • ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

საგრანტო განაცხადები 31 მაისის ჩათვლით მიიღება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი