46373

მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა

 „პირველი რიგში, მოდი ვთქვათ, რომ  მსგავსი პრეცედენტი საქართველოს არ ახსოვს. მე მომსწრე ვარ 1977 წლის საბჭოთა კონსტიტუციის განხილვა როგორ მიდიოდა და იმას მაგონებდა ყველა სხვა განხილვაც. იგივე ხდებოდა 2010 წელს აბსოლუტურად არ იყო განსხვავებული აზრის გამოთქმის შანსი.  დღეს, ჩვენ ვხედავთ როგორი ცხარე დებატები და  კამათი მიდის ხალხით სავსე დარბაზებში. ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება.  კარგად ვხედავდით როგორი მრავალფეროვანი იყო კომისია, რომლის მუშაობაში ბოლო წუთამდე მონაწილეობდა ყველა ექსპერტი და ყველა პოლიტიკური პარტია.

პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კომისია მას შემდეგ დატოვა, რაც კომისიამ ამოწურა მუშაობა.  ეს იყო თავისთავად უპრეცედენტო პროცესი.  რაც შეეხება განხილვებს, განხილვის  მიზანია, რომ მოვისმინოთ ხალხის აზრი, მაგრამ ყველას აზრი გათვალისწინებული ვერ იქნება.  მაგალითად  როდესაც გამოდის ერთი პოზიცია და ამბობს რომ  უნდა გაქრეს კონსტიტუციიდან 94 მუხლი, რომელიც მთავრობას უკრძალავს გადასახადების გაზრდას, ხოლო მეორე საპირისპიროს მოითხოვს, რომ სრული ლიბერალიზაციისა და მთავრობის   სრული შეზღუდვის გზით უნდა წავიდეთ. ერთი ამბობს რომ  კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს შრომის ინსპექცია და მეორე მიიჩნევს, რომ  ეს აბსოლუტურად ზედმეტი რგოლია.

გამოდის ერთი და ამბობს, რომ პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მეორე პრეზიდენტის არჩევას მოითხოვს.  არის პოზიცია, რომ მთლიანად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და მეორე პოზიცია, რომ არანაირი ბონუსი არ უნდა ჰქონდეს პროპორციულ სისტემაში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიას. როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული აზრებია, ყველა აზრი ვერ იქნება გათვალისწინებული.

ყველა აზრი ვერ იქნება კონსტიტუციაში ჩადებული, იმიტომ რომ ერთმანეთის საპირისპირო აზრებია. მთლიანობაში კი, პროცესი არის ძალიან ღია, გამჭვირვალე და საქმიანი.  კარგად მესმის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომლებსაც უნდათ თავის თავზე მოირგონ კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ  პოლიტიკურ სისტემას, რომელიც  მისცემს შანსს, რომ რაიმე ტიპის ზღურბლი გადალახოს  ისეთმა პოლიტიკურმა წარმონაქმნმა,  ისეთმა პარტიამ, როგორიც არის პაატა დავითაიას პარტია ან ბაჩუკი ქარდავას პარტია. თუ მაინცდამაინც ჩვენს პოლიტიკურ მიზნად დავისახავთ რომ ესენი იყვნენ პარლამენტში, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ  წაგებული შევა პარლამენტში და მოგებული დარჩება გარეთ. სხვა ასეთ სისტემას ვერ მოვიფიქრებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი