ამაზონის ვირტუალური ასისტენტი მომხმარებლებს შემზარავი სიცილით აშინებს

თუ ფიქრობთ, რომ რობოტების აჯანყება შორეული მომავლის პერსპექტივაა, ან მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება – ამაზონის ვირტუალური ასისტენტის, ალექსას მომხმარებლების ნაწილი არ დაგეთანხმებათ.

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ალექსას მომხმარებლები ვირტუალური ასისტენტის უცნაურ ქცევაზე წერენ. როგორც ისინი აცხადებენ, ალექსა მომხმარებლებს შემზარავი სიცილით აშინებს. მოწყობილობა, მომხმარებლების თქმით, სიცილს შესაბამისი ხმოვანი ბრძანების გარეშე, უმიზეზოდ იწყებს.

“ვიწექი და დაძინებას ვაპირებდი, როდესაც ალექსამ ძალიან ხმამაღალი და შემზარავი სიცილი დაიწყო. დიდია ალბათობა, რომ ამაღამ მომკლან” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი “ტვიტერზე”.

სხვა მომხმარებლები კი აცხადებენ, რომ როდესაც მათმა ვირტუალურმა ასისტენტმა სპონტანურად სიცილი დაიწყო, სახლში მარტო იყვნენ და ისე შეშინდნენ, მოწყობილობა დენის წყაროდან გამორთეს.

მომხმარებლების პრეტენზიებს ამაზონი უკვე გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემბის აღმოფხვრაზე მუშაობენ. ამაზონში ფიქრობენ, რომ ალექსას, სავარაუდოდ, არასწორად ესმის მომხმარებლების ბრძანებები და ფიქრობს, რომ მას სთხოვენ, გაიცინოს:

“ვგეგმავთ შევცვალოთ ბრძანების ფორმულირება, რომელიც ვირტუალურ ასისტენტს გაცინებისკენ მოუწოდებს, რათა შევამციროთ იმის შესაძლებლობა – ალექსამ ბრძანებები ერთმანეთში აურიოს” – ამბობს ამაზონი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბრძანება “ალექსა, გაიცინე” შეცვალონ ბრძანებით “ალექსა, შეგიძლია სიცილი”, რაზეც ვირტუალური ასისტენტი უპასუხებს,
“დიახ, ცხადია, შემიძლია გავიცინო” და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცემს სიცილის ხმას.

 

ალექსას შემზარავ სიცილს ინტერნეტში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ხუმრობენ და ალექსას სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმის, 2001: A Space Odyssey-ის ანტაგონისტს, HAL 9000-ს და მის ცნობილ ფრაზას “მაპატიე დეივიდ, ვშიშობ, ამის გაკეთება არ შემიძლია” ადარებენ.

ამერიკელი კომიკოსის, ჯიმი ქემელის გადაცემაში ალექსას სკეჩიც მიუძღვნეს:

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.