ხინკლის დამჭერამდე საქართველოში ხინკლის მოსახვევი შეიქმნა

სანამ ხინკლის დასაკავებელი სამარჯვი შეიქმნებოდა, სხვა ქართველმა გამომგონებელმა, ომარ მარსაგიშვილმა ხინკლის ფორმირების მოწყობილობა შექმნა. მან გამოგონება 2012 წელს საქართველოში დააპატენტა, თუმცა ინტერნეტში არაერთი მსგავსი პროდუქცია იყიდება. კონკრეტულად ეს დანადგარი საათში მინიმუმ 600 ცალ თექვსმეტნაოჭიან ხინკალს ახვევს.

არ გამოტოვოთ სიახლეები ხინკალზე

ომარ მარსაგიშვილმა 2017 წელს საავტორო უფლებების დაცვა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO/ისმოს) საშუალებით გადაწყვიტა. საერთაშორისო პატენტის ორგანიზაციამ მისი მოთხოვნა 2018 წლის 25 იანვარს დააკმაყოფილა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხინკლის მოსახვევი დანადგარი, ხინკლისგან განსხვავებით, ქართულია.

რაც შეეხება დანადგარის ფასს, ჩვენ კი ვიცით, მაგრამ თქვენ ვერ გაგიზიარებთ ამ ინფორმაციას, რადგან ომარ მარსაგიშვილის მარკეტინგის მენეჯერმა, ბატონმა არტურმა გვთხოვა, პირადად დაურეკოთ, თუ დაინტერესდებით მათი პროდუქციის შეძენით:

“იმის მერე, რაც ჩვენ გამოვიგონეთ ეს დანადგარი და დავაპატენტეთ, მალევე გამოჩნდა უხარისხო “პაძელკები” (ფეიქები, ყალბები), ზოგმა ჩინეთში გააკეთა და ზოგმა სხვაგან. ჩვენ ფასს არ ვაქვეყნებთ, რადგან ვიძლევით ხუთწლიან გარანტიას. “პაძელკების” ფასი არის უფრო იაფი, რის გამოც ხალხი შევა შეცდომაში. აქედან გამომდინარე, გვირჩევნია, ნებისმიერ ადამიანს ცალკე გავესაუბროთ და ავუხსნათ, თუ რატომ არის ასეთი ფასი.”

რამდენიმე დაინტერესებულმა პირმა, ვინც უკვე დარეკა ბატონ არტურთან და შეიტყო დანადგარის ფასი, უხეშად რომ ვთქვათ, “გააბაზრეს” პროდუქტის ღირებულება, თუმცა ჩვენ ამას არ ვიზამთ.

“იმედია, თქვენ ამ ინფორმაციას არ გაავრცელებთ. პირდაპირ გეტყვით, ამ დანადგარის ფასი არის **** დოლარი, მაგრამ არსებობს უკრაინული პატენტი, რომელიც ღირს **** დოლარი, ხოლო არის სომხური “პაძელკა”, რომელიც ღირს *** დოლარი. მათ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ხომ ხვდებით? იძახიან, საქართველოში დამზადებული დანადგარებია, მაგრამ არ არის ეს ასე,” – გვითხრა ბატონმა არტურმა.

მოკლედ, როგორც გაირკვა, ქართველი გამომგონებელი იმიტომ არ ასაჯაროებს მისი დანადგარის ღირებულებას, რომ შესაძლოა მომხმარებელმა დაბალი ფასის გამო უხარისხო ხინკლის შესახვევის შეძენა ამჯობინოს შედარებით ძვირ და ორიგინალ პროდუქციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.