რეკლამა

ლაშა კომახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

2 სექტემბერი, 2017 • 3238
ლაშა კომახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბათუმისა და ბათუმის უბნებისთვის ფუნქციების მინიჭება, ბევრი ინოვაციური პროექტი, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობა – ერთ-ერთი მთავარია ლაშა კომახიძისთვის. იგი „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატია.

ბავშვობა ძველ ბათუმში, დღევანდელი თავისუფლების მოედნის (ყოფილი ლენინის მოედანი) მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარა. სიყვარულისა და მეგობრობის ქალაქში ბავშვობის დროინდელ მრავალეთნიკურ ბათუმურ ეზოებს ღიმილით იხსენებს და ამბობს, რომ საკმაოდ გვიან გაიგო თანატოლების ეთნიკური სხვაობის შესახებ – ბათუმურ ეზოში მსგავსი სხვაობა ყველასთვის უმნიშვნელო იყო.

ბავშვობაში დაბრუნება წარმოუდგენელია ზღვის გახსენების გარეშე. ე.წ. პიშევიკების და დინამოს ტერიტორია, პლაჟზე ბალაგანები და მეთევზეების ნავები, გასაშრობად გაკიდული თევზი და მისი შებოლვა, „მორვაგზალთან“ ჩამწკრივებული მეთევზეებისთვის ზღვაში გადახტომით თევზაობაში ხელშეშლა – ბათუმური ისტორიის ნაწილია. 90-იან წლების გახსენებისას, სხვა პრობლემებთან ერთად ლაშა კომახიძე იხსნებს, რომ ძმასთან ერთად მე-9 სართულზე ხელით ეზიდებოდა წყალს სააბაზანოს გასავსებად, რომელსაც 40 სათლი წყალი სჭირდებოდა. ბავშვობის ნაწილი ე.წ. მანთაშევზე, სოხუმის ქუჩაზე გაატარა, სადაც მამაპაპისეული სახლი იყო. ამჟამად გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში ცხოვრობს. ბათუმის ამ უბნებთან ბევრი მოგონება და მეგობარი აკავშირებს.

ლაშა კომახიძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, ოჯახთან ერთად

ლაშა კომახიძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, ოჯახთან ერთად

სიამაყით იხსენებს ბათუმის გემთმშენებელ ქარხანას, რომელსაც მისი ბაბუა ხელმძღვანელობდა. პლატონ ჯორბენაძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მთავარი ინჟინერი იყო, ვის დროსაც საქართველოს სანაოსნოსთვის პირველი ნავიდან დაწყებული, ბოლო ტანკერით დამთავრებული, 52 მცურავი საშუალება გაკეთდა, საიდანაც 30-ზე მეტი ტანკერი იყო. დედას, ლია ჯორბენაძეს, პედიატრიაში 40-წლიანი სტაჟი აქვს, მამა გიორგი (გოგი) კომახიძე სატრანსპორტო სისტემაში მუშაობდა.

ლაშა კომახიძემ უმაღლესი განათლება უნგრეთში მიიღო, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა საჯარო სამსახურში. ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში საჯარო სამსახურში მუშაობას უწუნებს.

„ევროპული განათლებით საჯარო უწყებაში მუშაობის დაწყება დანაშაული არაა. ვმუშაობდი ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე, მათ შორის ვიყავი აჭარის ხაზინის უფროსი. ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩემ მიერ შესრულებული სამუშაო იყო ერთ-ერთი სანიმუშო, რასაც მოწმობს ისიც, რომ შემდგომ პერიოდში კითხვა არავის გასჩენია,“ – აღნიშნავს იგი.

2008 წლიდან მუშაობას იწყებს გაეროს პროგრამებში. აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იგი კონფლიქტის ზონაში მუშაობდა. იყო ერთ-ერთი მათგანი, ვისი აქტიურობითაც ქვეყანამ გაეროსგან რამდენიმემილიონიანი დახმარება მიიღო. მოგვიანებით თავისუფალი ვაჭრობის, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ევროპის სამეზობლო პროექტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ხელმძღვანელობდა. ჯამში, გაეროში მუშაობის პერიოდში, აჭარის რეგიონში, 25 მილიონზე მეტი ლარი საერთაშორისო დახმარების მობილიზება გახდა შესაძლებელი.

ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა არის დარგი, სადაც შედეგის მიღწევა სწრაფად რთულია. მაგალითად, მცენარის დარგვიდან დაწყებული, თევზისა თუ პირუტყვის გაზრდით გაგრძელებული, ყველაფერს წლები სჭირდება. მიუხედავად ამისა, მინისტრად მუშაობის ერთი წლის მანძილზე მაინც მოახერხა ინსტიტუციური და სისტემური ცვლილებები დარგში. მთავარი გათვლა დარგის ძირეული პრობლემების მოგვარება იყო და პროექტებიც სწორედ ამ მიმართულებით დაგეგმა. მის მიერ დაგეგმილი პროექტები წლებთან ერთად მოიტანს შედეგს.

„ბოლო ორი ათწეულის მანძილზე ბათუმს ძირითადად ტურისტული მიმართულება ჰქონდა. როდესაც ქალაქს აქვს მონოფუნქცია, არის დიდი საფრთხე. ქალაქი რთული სისტემაა, რომლის ძირითადი ღერძი არის მოქალაქე. ბათუმელების საჭიროებები და მოთხოვნები არის ამოსავალი წერტილი. ყველა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ აქტიური მონაწილეობა ქალაქის განვითარებაში. ქალაქის მერიამ ბიუჯეტი და განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მიერ მინიჭებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაგეგმოს“.

ბათუმის საზღვრების ზრდის მიუხედავად, შემოერთებულ ნაწილს არ უგრძნია თავი ქალაქად, ამიტომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისთვის პრიორიტეტია ქალაქის უბნებისთვის ფუნქციების მიცემა. მსუბუქი მრეწველობა, ახალი პროდუქტის შექმნა და რეალიზაცია, ტურიზმი – ეს ის მცირედია, რაზეც მუნიციპალიტეტმა უნდა იმუშაოს.

„ბათუმი არის ტურისტული ცენტრი, იგი ქვეყნის საზაფხულო დედაქალაქია. ქვეყნის გული და ტემპი გადმოდის ზაფხულობით შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმი ასევე არის ტრანზიტული ცენტრი. აქ არის პორტი, საერთაშორისო აეროპორტი, სახმელეთო ტრანსპორტი, რკინიგზა, საავტომობილო მაგისტრალი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ბათუმის ფუნქციების სწორად დანახვა,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა მისთვის პრიორიტეტია. ამბობს, რომ იზიარებს პოზიციას ძველი ბათუმის კონსერვაციასთან დაკავშირებით, თუმცა სრული კონსერვაცია ნაკლებად გამართლებულად მიაჩნია.

„ჩემი შინაგანი განწყობა ძალიან ახლოსაა ძველი ბათუმის კონსერვაციასთან. ვმუშაობ ძველი ბათუმის ფუნქციური დატვირთვის გეგმაზე. მიმაჩნია, რომ ისეთი სახით, როგორითაც ახლა არსებობს, არ არის რეალიზებული მისი პოტენციალის ნახევარიც კი. დაკონსერვება ისე, რომ იქ აღარაფერი მოხდეს, არ იქნება მართებული. რესტავრაცია და კულტურულ-ეკონომიკური ფუნქციის მიცემა თითოეული ძეგლისთვის და მის გარშემო სწორი დაგეგმარება უფრო სწორი იქნება. ძეგლების შენარჩუნების შესახებ საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ და არ უნდა მივიღოთ ამ საკითხზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება,“ – ამბობს მერობის კანდიდატი.

ბათუმის მერობის კანდიდატი ქალაქში საცობებისა და პარკინგის პრობლემის გადაწყვეტას გაეროს პროექტის _ „ბათუმი მწვანე ქალაქის“ მესვეურებთან ერთად გეგმას. საუბარია ე.წ. BUS LINE-ების შექმნაზე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანაზე, მგზავრთა ტერმინალების შექმნაზე, რაც ქალაქს სატრანსპორტო ქაოსისაგან განტვირთავს.

„ეს იდეები დამუშავებულია ძალიან მაღალი დონის ექსპერტების მიერ. მათთან პირადად მაქვს კავშირი. უნდა გადავხედოთ ქუჩების გამტარუნარიანობას და უბნების შესაძლებლობებს, ასევე სწორ დაგეგმარებას. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ქალაქის ველოსისტემის გამართვას, რაც არ არის დასრულებული,“ – აღნიშნავს იგი.

ლაშა კომახიძისთვის ბავშვობის დროინდელი ბათუმი მწვანე ფერთან ასოცირდება. იხსენებს ბათუმგორადან დანახულ ქალაქს, სადაც შენობები მწვანე მინდორზე აქა-იქ დაყრილ კენჭებს ჰგავდა. ფიქრობს, რომ მოსახლეობის კომფორტისა და დასვენებისთვის ქალაქში მეტი სკვერი და პარკია საჭირო.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მერობა მისთვის პატივიცაა და პასუხისმგებლობაც: „ადამიანისთვის, რომელიც აქ დაიბადა, ცხოვრობს ამ ქალაქში, მიუხედავად შესაძლებლობისა, არ წასულა სხვაგან, იყოს ბათუმის მერი, სხვა პასუხისმგებლობაა. ეს არის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩემი თანამედროვეების წინაშე, არამედ ჩემი წინა თაობების მიმართ, რომელთა სახელებიც კეთილად დამხვდა. მინდა, ჩემი სახელი შევმატო იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც რაღაც სიკეთე მოუტანიათ ბათუმისთვის. ქალაქის ყველა მერი მის მიერ გაკეთებული საქმით ამახსოვრდებათ მოქალაქეებს, მაგალითად, ლუკა ასათიანის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმისთვის ქალაქის იერსახის მიცემა, რაც მოკირწყლული ქუჩების თუ გარე განათებების გაყვანით გამოიხატა. ის გეგმა, რომლითაც მე მოვდივარ, მათ შორის კაპიტალური პროექტები, სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, იქნება ის, რითაც ვიამაყებ, თუ, რა თქმა უნდა, მომეცემა საშუალება, გავხდე ქალაქის მერი“.

ocneba 2

მასალების გადაბეჭდვის წესი